„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდა – ირაკლი კობახიძე შეხვდა უზენაესის მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
კობახიძის თქმით, საუბარი შეეხო დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ის აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „ტრაგიკულია“ იმ ქვეყნისთვის, რომელიც სანქციებს აწესებს.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს შენობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, კერძოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება, მისი დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ამ კუთხით, იცით, რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის გამოხატული პირდაპირი ჩარევებით, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა – შევეხეთ სანქციებს, რომლებიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს“, – განაცხადა კობახიძემ.
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში.
სანქცირებულ პირებს გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ყველა სახის ქონება, რაც მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქვთ.