მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ნაციონალებმა სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ წარმატებულ სპორტსმენებს არ დაჰპირისპირებოდნენ.“
„სპორტის თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევ სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. მათ მოახერხეს და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც მარტო იტალიაში კი არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ღირსეულად ჩვენი ქვეყნის სახელი.
„ნაციონალებმა“ სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ წარმატებულ სპორტსმენებს არ დაჰპირისპირებოდნენ. გვახსოვს ლაშა ტალახაძეზე თავდასხმა და თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ კამპანია. ამის კულმინაციაა ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა „ნაციონალების“ ცნობილი სახეების შესრულებით, ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებას, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა – დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო, ანუ აღიარა, რომ 15 წელი იღვწოდნენ, რომ პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ. ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც და ამ ბრძოლაში ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქსა და ეკლესიასთან არაერთგზის დამარცხდნენ.“ – განაცხადა კობახიძემ.