კობახიძე: ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას უარი აქვს ნათქვამი პროფესიულ ღირსებაზე.

ამის შესახებ კობახიძემ „პირველ არხთან ინტერვიუში“ რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას ისაუბრა.

„ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი. უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ვკითხულობდი დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ. არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით. უამრავი სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ქართველი საზოგადოება უყურებს, სადაა სიმართლე და არა იმას, ვინ რა თქვა.

„საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით. იგივე ეხება ვენეციის კომისიას“, – განაცხადა პრემიერმა.


ვენეციის კომისია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი ამჟამინდელი ფორმით, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით. ეს უარყოფით გავლენას მოახდეს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.