ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებით ეუთო/ოდირის მისიის „დატვირთვა ზედმეტი იქნება“. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ „სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით“, ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა საპარლამენტო არჩევნებზე ხდება.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.