მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა მთავრობის წევრებს და კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. პრემიერის თქმით, „შიდა მტრებმა“ „ახლა უკვე სრულიად ხელმოცარულებმა, როცა ქაოსის შექმნით ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ასეთი მავნებლობით ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.“
აღნიშნულ თემაზე საუბრის კონტექსტში პრემიერმა სახალხო დამცველის შესახებაც ისაუბრა.
„ახლა მინდა შევახსენო საზოგადოებას. გამოდის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საჯაროდ ამბობს, რომ ამას მირჩევნია, ბომბების ცეცხლი და წვა მივიღოთო. ქალბატონი ლომჯარია სააკაშვილის დროს ვის უნახავს? მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა და ვინმეს გახსოვთ, რაიმე საჯაროდ დაეგმო – ადამიანების ტანჯვა, წამება, ბიზნესის დარეკეტება, მკვლელობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.