„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.
კობახიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი „არარელევანტურია“ და ამით „უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალება შეასრულა“ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება. ცაჰკნამაც საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალებაა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
3 აპრილს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ მოუწოდა ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.
„ესტონეთმა ათობით პირის წინააღმდეგ დააწესა პერსონალური სანქციები, ეროვნული სანქციები, მათ შორის ივანიშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს შეიძლება იყოს განხილული. ამას სჭირდება 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობა, რომ დაიწყოს ეს პროცესი და მოვთხოვოთ რეჟიმს, შეცვალოს ქცევა“, – თქვა მან.