კობახიძე: ვიზით ვიყავი წასული [ევროპის] ერთ-ერთ ქვეყანაში

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზიტისთვის ვიზის აღება დასჭირდა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა ევროკავშირში დაწესებულ შეზღუდვაზე, რომლითაც ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდა.

„ეს შეზღუდვები მოქმედებს როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ არ დააკონკრეტა რომელ ქვეყანაში ვიზიტისთვის დასჭირდა ვიზის აღება.


ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა. გადაწყვეტილება შეეხებათ:

  • საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

30 ივნისს „ევროსკოპმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული (საბჭოს გადაწყვეტილება იმპლემინტირებული) აქვთ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთი (მარტიდან), ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი რა თქმა უნდა ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე“. „ევროსკოპი“ წერს, რომ არ აქვთ ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი.