პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ყოფილ ჯანდაცვის მინისტრზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ხედავდა „პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით“. მისი თქმით, ამაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დარწმუნდა.
„მე მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით – ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მან.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მათი ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.