კობახიძე: ყულევის ნავთობტერმინალზე ევროკომისიას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიას ყულევის პორტთან დაკავშირებით „სრული ინფორმაცია მიაწოდეს“.

კობახიძის თქმით, მიწოდებული ინფორმაცია „ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი“.

9 თებერვალს „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს.

კერძოდ, გამოცემის თანახმად, სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სხვა აკრძალვებთან ერთად, მოთხოვნილია რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა და სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.

კობახიძის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით „არავითარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება“.

„ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა რაც უხარია სააკაშვილის, ის არ უხარია ქართველ ხალხს. რაც „ნაცს“ უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“.

„შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, – ამბობს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.

საქმე ეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2026 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტის დამსახურებაა.

საქსტატის თანახმად, საქართველომ ნავთობის წარმოება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო.

2025 წლი იანვართან შედარებით, ამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სექტორში ზრდამ 3000%-ს გადააჭარბა. კერძოდ, თუ 2025 წლის იანვარში ამ სასაქონლო ჯგუფის ადგილობრივი ექსპორტი 1.69 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 56.18 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამ შედეგით ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა და მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18% შეადგინა.

საქართველოში ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა მან გადაუსწრო ისეთ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო, კაკალი და მინერალური წყლები.

საქსტატს არ უთქვამს, უკავშირდება თუ არა ექსპორტის გაზრდა ყულევის ნავთობტერმინალს ან ქარხანას. ამის შესახებ არაფერი უთქვამს არც ირაკლი კობახიძეს.

ყულევის ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

2025 წლის 21 ოქტომბერს „როიტერსმა“ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ რუსულმა ნავთობკომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა.

იმავე დღეს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან შემოვიდა თბომავალი KAYSERI.

უწყებამ განაცხადა, რომ ხომალდი დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობით.

შემოსავლების სამსახურს არ დაუსახელებია, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე – „თავი შეიკავა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან”.

თუმცა განაცხადა, რომ „გემსა და გემის მფლობელ, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

გარდა ამისა, 2026 წლის 12 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა.

„[ტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობი“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

2026 წლის 27 იანვარს „აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში საქართველოში – ფოთის, ბათუმისა და ყულევის პორტებში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში. გამოცემა პორტებს სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა.

„აი, ფაქტის“ თანახმად, რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით.

გამოცემამ 29 იანვარს განაცხადა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღეს წერილი, სადაც სააგენტო წერდა, რომ ქართული პორტები სანქციებისგან თავის ასარიდებლად არ გამოიყენება.

30 იანვარს განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და განაცხადა, რომ ყველა გემს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და რომელი გემებიც „აი, ფაქტის“ გამოძიებაშია მოხსენიებული, ჰქონდა დაზღვევა.

„საქართველოს ნავსადგურებში შემოსული ყველა გემი გადის მრავალდონიან შემოწმებას, მათ შორის მარშრუტის ანალიზს, ბოლო ნავსადგურებისა და გასვლის ნებართვის გადამოწმებას და AIS მონაცემების შედარებას პროფესიულ სისტემებთან“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.

18 დეკემბერს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა. ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მანამდე, 2025 წლის 24 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ხომალდ KAYSERI-საც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, დღეის მდგომარეობით კომპანია „რუსნეფტის“ აქციონერთა ზუსტი ვინაობა და განაწილება უცნობია. თუმცა, საჯარო წყაროებში არსებული ბოლო ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას საბოლოო ჯამში დღემდე ფლობს და აკონტროლებს მისი თავდაპირველი დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი (მისი ძმის, სხვა ოჯახის წევრებისა და მათი კომპანიების საშუალებით).

მიხაილ გუცერიევი ჯერ კიდევ 2021 წელს მოხვდა დასავლურ სანქციებში ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკასთან კავშირის გამო. სანქცირებულია მისი ძმა და „რუსნეფტის“ მეწილე საიტ-სალამ გუცერიევიც.

ყულევში ნავთობტერმინალი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ფლობს.

ყულევის ტერმინალი ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფოთსა და ანაკლიას შორის.

რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას ყულევში – პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. ყულევის ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი არის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომლის დამფუძნებელიც მაკა ასათიანია.

TI-ის მოკვლევით, 2025 წლის თებერვლიდან „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერიაა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი ვახტანგ ჩახნაშვილი, კონსტანტინე გოგელია (მაკა ასათიანის ქმარი) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი არიან. ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა და 26 სექტემბერს „ბლექ სი პეტროლიუმს“ შეუერთდა.