კობახიძე: ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს „მორალური უფლება” არჩევნებზე საუბრობდეს.

მისი თქმით, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი „კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანიაა”, რომელსაც ზურაბიშვილიც შეუერთდა.

„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა კანდიდატად, რადგან მას თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა.

შესაბამისად, ზურაბიშვილს, რა თქმა უნდა, მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე – საერთოდ არ აქვს მას მორალური უფლება, რომ საუბრობდეს არჩევნებზე, რატომ? ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა და, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი.

ეს სპეკულაციებიც ემიგრაციასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი –  ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი.

ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის, რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს”, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს, სახალხო დამცველის, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა იყო.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა განცხადებით გახსნა, სადაც მან საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა იმისთვის, რომ უწყება არ მონაწილეობს ამ საკითხის შესახებ გამართულ შეხვედრებში. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, როგორ აწესრიგებს კანონმდებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება ამ კანონს უგულებელყოფს.