„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რასაც ფოტო მასალაც ერთვის თან, კობახიძე შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შევხვდი. ვისაუბრეთ ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე, ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 16 მაისს, კობახიძე ალბანეთში, ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებოდა.
სამიტის ფარგლებში, კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“.
„სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი ვუწოდე. აღვნიშნე, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები“,- აცხადებს კობახიძე.