კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ „სანქციები არ მუშაობს“

პუბლიკა

რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რას გულისხმობს მმართველი პარტია, როცა ამბობს, რომ „სანქციები არ მუშაობს“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მმართველი პარტიის პოზიციას, რომ „სანქციები არ მუშაობს“ მათ შორის მათი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ოპოზიციაც აკრიტიკებს, კობახიძემ უპასუხა, რომ ომის შეჩერების კუთხით სანქციები არ მუშაობს და ეს ფაქტია.

კობახიძე: პირველ რიგში რაც შეეხება გამოხატვას და მხარდაჭერის ფორმებს – საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს კონკრეტული გამოხატვის ფორმები, როდესაც საქმე ეხება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ ყველა შესაბამისი ფორმით გამოვხატეთ მხარდაჭერა. ეს იყო გაეროში რეზოლუციის თანასპონსორობა ეუთოში შესაბამისი დოკუმენტების მხარდაჭერა, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა და ჰააგის სასამართლო, სადაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დევნას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო. სადაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურ თანადგომას და მხარდაჭერას იქ ჩვენი მხარდაჭერა იყო 100%-იანი.

  • ჟურნალისტი: ამას არავინ უარყოფს, თქვენი ოპონენტებიც კი არ უარყოფენ, საუბარია განცხადებებზე …

კობახიძე: რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს, აქ საქმე ეხებოდა ძალიან მარტივ რამეს. როდესაც ჩვენ სანქციებთან არმიერთების გამო გვადანაშაულებენ, ამას სჭირდება პასუხი და პასუხი მარტივია – სანქციები არ მუშაობს ომის შეჩერების კუთხით და ამას ამბობს ყველა, მათ შორის არაერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები და ა.შ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ომი ვერ შეაჩერა სანქციებმა. ამ კუთხით სანქციები არ მუშაობს.

  • ჟურნალისტი: რუსეთზე ზეწოლას ხომ აძლიერებს…

კობახიძე: კი, მაგრამ არა ომის შეჩერების კუთხით. თავად ბაიდენმა, რომელიც თვითონ არის ინიციატორი ამ სანქციების საერთაშორისო დონეზე თქვა რა – რომ 3-4 წლის პერსპექტივაში იმოქმედებს სანქციები, დაასუსტებს რუსეთს და ა.შ. მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ სანქციებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ომის შეკავებაზე და ამას ვგულისხმობდით ჩვენ.

როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ საკმარისი წვლილი არ შეგვაქვს უკრაინაში ომის დასრულებაში და სანქციებს და ამას სხვა გადაწყვეტილებებს აბამენ, ამის საფუძველზე ითქვა, რომ სანქციები არ მუშაობს იმ კუთხით, რომ ის ვერ შეაჩერებს რუსეთს საკუთარ აგრესიულ ზრახვებში. ეს ვერ მოახერხა ვერც ნატოს მიერ დაწესებულმა სანქციებმა და მით უმეტეს საქართველოს დაწესებულ სანქციებს არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია ამ კუთხით.

აქედან გამომდინარე კონტექსტია მნიშვნელოვანი, როდესაც გარკვეულ ფრაზას ვაანალიზებთ. კონტექსტი ეს იყო, როცა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ სანქცია არ დავაწესეთ და ამით ხელი შევუწყვეთ რუსეთის აგრესიის გაგრძელებას უკრაინაში – აბსურდია. ომის შეკავების კუთხით სანქციები არ მუშაობს და ამას აღიარებს ყველა. ეს რომც არ ვაღიაროთ – ფაქტია.

  • ჟურნალისტი: შეიძლება ომი ვერ შეაჩერა, მაგრამ მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის პოზიციები, მარწუხებში არის მოქცეული და ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ის, რომ მოლაპარაკებებზე წავიდა და პროცესი დაჩქარდა, ამას სანქციებს და მუდმივ ყოველდღიურ რეჟიმში გაძლიერებულ ზეწოლას უკავშირებენ, რომელიც მოდის საერთაშორისო საზოგადოებისგან.

კობახიძე: მაინცდამაინც დიდი პროგრესი არც მოლაპარაკებებში არაა, სამწუხაროდ, და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სანქციებს ომის შეკავება არ შეუძლია. სანქციებს შეუძლია სხვა შედეგი გამოიღოს, მაგრამ რაც შეეხება ომის შეკავებას, ამ კუთხით სანქციები პროდუქტიული არ არის.