კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ორი ახალი პროექტი დააანონსა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპორტზე განცხადებები გააკეთა და „დინამო თბილისი” რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების გამო გააკრიტიკა.

მან კვლავ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე და განაცხადა, რომ მაშინ „ასეთი წარმატებები” სპორტში ქვეყანას არ ჰქონდა. აქვე კობახიძემ სპორტში მიღწეული დღევანდელი წარმატებები „თანმიმდევრულ პოლიტიკას” დაუკავშირა.

ამის შემდეგ კობახიძემ დააანონსა ახალი სტადიონის მშენებლობა – მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია 70 ათასზე მეტი მაყურებელი.

„გვინდა, დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება და კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე. იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვას.

მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ სტადიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და, რა თქმა უნდა, სათანადოდ განხორციელდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”, – განაცხადა კობახიძემ.

პარალელურად, პრემიერმა მეორე პროექტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება.

„მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების გაერთიანება, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. ქვეყანაში ტურისტული ნაკადები იზრდება. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. მიმდინარე წელს პირველი კვარტალიც იყო ძალიან კარგი. რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლისას – ვიზიტორების რაოდენობის 11%-იანი ზრდა გვქონდა. ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათასზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც 1 მლნ ტურისტი იყო.

შესაბამისად, გჭირდება განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომ მაქსიმალური პირობები შევუქმნათ ტურისტებს საქართველოში. ასევე, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც. ამისთვის, აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში”, – განაცხადა მან.