კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ არა ისინი ოპოზიციას, არამედ ოპოზიცია მათ დაუკავშირდა

პუბლიკა

„ნიკა მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც ზოგადად კაცისთვის შესაფერისი საქციელი არ არის”, – თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე, რომ მან რამდენიმე წუთის წინ გამართა.

„მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით მათ – რაც წმინდა წყლის სიცრუეა. ჩვენ, მე და არჩილ თალაკვაძეს დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის პარლამენტის წევრია”, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: „მან გვთხოვა შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით. მან განგვიმარტა ამ შეხვედრის სავარაუდო ფორმატი, რაზეც ვუთხარით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ვუთხარით, რომ მათ დაველოდებით.

ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ თალაკვაძე და კობახიძე კონტაქტზე გამოვიდნენ და უთხრეს, რომ შეხვედრაზე ხვალ ესაუბრათ, რაც მათთვის მიუღებელი იყო. აქცია ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობით ცესკოსკენ მიემართება.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა გაახმოვანეს, სწორედ ამ მოთხოვნაზე პასუხს ითხოვდნენ ისინი 20:00 საათამდე:

  • ხელახალი და თავისუფალი არჩევნები;
  • უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.