კობახიძემ სანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

„ოცნების“ მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება.

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას „ოცნების” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს, ასევე ვიცე-პრემიერია „ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.


აშშ-მა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ასევე ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში. 

მაგნიტსკის სია (Magnitsky List) არის სია, რომელიც შეიცავს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე ან სხვა მძიმე დანაშაულებზე.

მაგნიტსკის სიები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმებისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.

დაწესებული სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით.

გარდა აშშ-ისა, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური.