კობახიძემ სასამართლოს დამოუკიდებლობაში „საჯარო და ფარულ ჩარევაზე" საუბრისას კანონპროექტის ინიციირება ახსენა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მიერ გვარამიას საქმით დაინტერესებისა და პროგრამიდან მისი მოხსნის შესახებ მძიმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობაში „უხეში და უმძიმესი ჩარევაა“.

გუშინ, 19 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ, როცა ასეთი ბრალდება ისმის მოსამართლის მხრიდან, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი, გვერდის ავლის ნაცვლად.

„ზოგადად, ფაქტი არის ძალიან მძიმე, როდესაც გამოდის მოსამართლე და პირდაპირ ხელს ადებს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს, დიპლომატს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ელჩის სახელით სასამართლოს დამოუკიდებლობაში ერეოდა. უხეშ ფორმაზეა საუბარი – ანგარიშს სთხოვს კონკრეტულ საქმეზე, შემდეგ სჯის და კონკრეტულ ვიზიტს უკრძალავს. ეს ძალიან უხეში და უმძიმესი ჩარევაა. როდესაც ასეთი კონკრეტული ბრალდება ისმის მოსამართლის მხრიდან, ამას სჭირდება ძალიან ცხადი და მკაფიო პასუხი და არა გვერდის ავლა“, – აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ აფასებს ევროპარლამენტარების ნაწილის მოწოდებას ზემდგომი ინსტანციის მიმართ, რომ გვარამიას განაჩენი შეიცვალოს, კობახიძე ამბობს, რომ ამგვარი მოწოდება არის „კატასტროფა“.

მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ნიშნები არსებობს, რაზეც ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს. მან არც საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გამორიცხა.

„ერთ-ერთი გერმანელი ევროპარლამენტარი პირდაპირ მოუწოდებდა სააპელაციო სასამართლოს, რომ შეცვალოს გვარამიასთან დაკავშირებით განაჩენი, რაც არის კატასტროფა. მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის მიმართ პირდაპირი ბრალდება მოვისმინეთ. ეს არის ძალიან მძიმე ნიშნები, რაზეც ქვეყანას სჭირდება პასუხები. ერთია საჯარო ჩარევა და მეორეა ფარული ჩარევა. საჯარო ჩარევასთან ერთად თუ ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ფარული ჩარევაც, ეს არის უმძიმესი და ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, მათ შორის, არ გამოვრიცხოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა იმისთვის, რომ მომავალში ეს იყოს აბსოლუტური ფორმით დაზღვეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსამართლე ჩხიკვაძის შესახებ 19 ივლისს განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა საქართველოსთან. ზოგჯერ არ ვეთანხმებით [ერთმანეთს]. ჩვენ გვჭირდება, ზოგჯერ შევძლოთ, რომ ვისაუბროთ შეუთანხმებელ საკითხებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვეულებრივ პირისპირ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ვსაუბრობთ საჯაროდ, როდესაც გვაქვს დიდი წუხილი, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

საჯაროდ გამოვხატეთ ამერიკის შეერთებული შტატების წუხილი, რომელიც შეეხებოდა დროულობას და ბრალდებებს. მხოლოდ აშშ არ გამოხატავს ამ წუხილს, სახალხო დამცველი და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, ასევე საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსაც ჰქონდათ იგივე პოზიცია. ეს არ არის ის, რაც ჩვენ საიდუმლოდ გავაკეთეთ, ეს იყო საკმაოდ საჯარო, ნორმალური რაღაც. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, – განაცხადა ელჩმა.

ამავე განცხადებაში მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს პროფესიონალიზმი, სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის კუთხით.

„ეს მოიცავს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს საქართველოს მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და ამერიკის ექსპერტებს შორის. კიდევ ერთხელ, ეს არის რუტინა, რომელიც სულ ხდება“, – განაცხადა მან.


დღეს, 20 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საუბარია ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე. ისინი ამას მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებენ.

გარდა ამისა, საბჭოს ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს ფავორიტიზმში ადანაშაულებენ და წერენ, რომ ელჩი დეგნანი იუსტიციის საბჭოს უგულებელყოფით ხშირად სტუმრობს სასამართლოებს და ესაუბრება მოსამართლეებს.

ამავე განცხადებაში საბჭოს ყოფილი წევრები წერენ, რომ კანონით მკაცრად უნდა მოწესრიგდეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლესთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს.