საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას ეხმაურება.
„მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის „სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ„, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია, “- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე მასაც და საზოგადეობასაც „უმძიმესი რეაქცია ექნება“.