„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა. ამ სიტყვაშიც მან ისაუბრა „დიფ სთეითზე“ და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „წარმატებით შეასუსტებს“ მას.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს „ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატა“ და თქვა, რომ ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერს, „მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა“.
თავის მხრივ, ორბანმა ირაკლი კობახიძეს „საქართველოს გმირი“ უწოდა. კობახიძის აზრით, საქართველო არის „ჭეშმარიტი დასავლეთის“ ნაწილი.
„ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ „დიფ სთეითის“, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს.
ჭეშმარიტ ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია“, – თქვა კობახიძემ [სინქრონული თარგმანი].
კობახიძის განცხადებითვე, მტკიცეა ევროპული ინტეგრაციის მიმართ მათი ერთგულება, თუმცა არ დათმობენ „ღირსებასა და სუვერენიტეტს“, იდენტობას კი პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე არ გაცვლიან.
სიტყით გამოსვლის დროს ის შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსაც და გაიმეორა ნარატივი, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა სურთ. მისი მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო უზარმაზარ ზეწოლას, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად“.
„წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვი, სუვერენიტეტი ავარჩიეთ ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ადგილას. წლებია საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ“,- თქვა კობახიძემ [ სინქრონული თარგმანი].
კობახიძის მტკიცებით, USAID-ისა და NED-ის საშუალებით, „დიფ სთეითი“ ცდილობდა საქართველოში ბოლოს 4 წლის განმავლობაში 4 რევოლუციის მოწყობას და ახლა ორივე გაუქმებულია.
„ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯების იმედისმომცემია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიებში, რაც კარგად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.
ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი. ე.წ. MEGOBARI აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და უეჭველად დადებითად აისახება ეს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, – თქვა კობახიძემ. [სინქრონული თარგმანი]
საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად. „ოცნებამ“ კონსპირაციის გავრცელება თავდაპირველად „გლობალური ომის პარტიის“ დასახელებით დაიწყო, მოგვიანებით კი გაჩნდა deep state-იც. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას”/deep state-ს სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს და ქვეყანაში სხვადასხვა არეულობა მოაწყოს. მათი განცხადებების მიხედვით, ყველა, ვინც „ოცნებას“ აკრიტიკებს, „გლობალური ომის პარტიის“/Deep State-ს წარმომადგენელია.