„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტზე „შეიძლება იფიქრონ“, თუ 3 პრინციპულ საკითხზე პროგრესს დაინახავენ.
მისი თქმით, „3 პრინციპული საკითხიდან“ ერთ-ერთია უკრაინის ხელისუფლებიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული „კრიმინალების გათავისუფლება“.
„ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამ მდგომარეობას, ბუნებრივია სჭირდება ცვლილება – 3 პრინციპული საკითხი. როგორც კი დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორცილებაზეც“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტზე მზადყოფნა არსებობს, თუმცა ასევე არსებობს წინაპირობებიც.
„სამწუხაროდ გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდის განმავლობაში, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა თუნდაც მმართველი გუნდის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი. რა თქმა უნდა, როცა ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინამ ელჩი გაიწვია, შემდეგ გაათავისუფლა და „უკრაინა ახლა დემარშის მდგომარეობაშია“, ამიტომ ეს მდგომარეობა შესაცვლელია. კობახიძემ მეორე წინაპირობად დაასახელა კონტრაბანდასთან დაკავშირებული ბრალდება – „ამას სჭირდება სათანადოდ დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვისმენია არცერთი“.
„მესამე, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის – ცრუ ბრალდებების, ელჩის გაწვევის და ა.შ. სათავე არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილი. ესენი არიან 4 ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: პირველი – სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი – გენპროკურორის მრჩეველი, ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურებული გახლავთ კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.