კობახიძეს და ჩიქოვანს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდებათ - ვინ შეცვლის მათ

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მათი უფლებამოსილება საბოლოოდ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე შეწყდება.

ირაკლი კობახიძის ნაცვლად პარლამენტში შესვლა „ოცნების“ სიის 71-ე ნომერს, ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილს უწევს. ირაკლი ჩიქოვანს კი, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ადგილმონაცვლე არ ეყოლება.

ბიზნესმენი გიორგი ბარვენიშვილი მედიის ყურადღების ცენტრში 2019 წლის ნოემბერში მოექცა.

პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ აქციების და პოლიტიკური კრიზისის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სხვა დეპუტატებთან და თბილისის მერთან ერთად კომოს ტბაზე წვეულებაზე იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, წვეულების მასპინძელი ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი იყო.

მაშინ ეს ინფორმაცია თალაკვაძემაც და კალაძემაც უარყვეს.

ბარვენაშვილმა 2018 წელს ზურაბიშვილის კამპანიას 60 000, ხოლო 2020 წელს „ოცნებას“ ასევე 60 000 შესწირა.