კობახიძის დედა „TV პირველს" სასამართლოში უჩივის და კომპენსაციას მოითხოვს

პუბლიკა

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე თამარ ზაალიშვილი „TV პირველს” სასამართლოში უჩივის – ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „იმედი” ავრცელებს.

თამარ ზაალიშვილი პარტია „ქართლი ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედაა და მისი შეფასებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

ზაალიშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას გადაცემის ავტორი ნოდარ მელაძე ამბობს, სარჩელით კობახიძის დედა დავობს იმას, რომ თითქოსდა მას ჟურნალისტმა არ მისცა სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

„TV პირველის” მხარის იურისტის ცნობით, ზაალიშვილი ფულადი კომპენსაციის სახით მოითხოვს – 5 555 ლარს ტელევიზიისგან, ნოდარ მელაძისგან – 5 ლარს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძისგანაც 5 ლარს.

მელაძის თქმით, სიუჟეტშიც ნაჩვენებია და სასამართლოშიც წარდგენილი აქვთ „შავი მასალა”, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტი მიდის ზაალიშვილის სახლთან და დომოფონით აქვს კომუნიკაცია [ადამიანთან].

„რეპორტაჟში ჩანს კარგად ჩვენი ჟურნალისტის მცდელობა, რომელიც სახლში მიდის და დომოფონიდან ეუბნება ადამიანს, თუ რა თემაზე სურს მისი ჩაწერა. ძალიან ცხადად ჩანს ეს. ამის მიუხედავად, ეს ქალბატონი ამტკიცებს, რომ ტელევიზიას არ ჰქონია ასეთი მცდელობა. არადა, ჩვენ ვიდეოკადრებიც წარვუდგინეთ სასამართლოს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო”, – ამბობს მელაძე.

ამას გარდა, გადაცემის ავტორი ამბობს იმასაც, რომ ზაალიშვილს სარჩელი კანონით დადგენილი ვადების დარღვევით აქვს წარდგენილი სასამართლოში. მელაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედის სარჩელს „TV პირველის” წინააღმდეგ მიმართული სისტემური კამპანიის ნაწილად აღიქვამს.

„ზაალიშვილი სასამართლო პროცესზე ამტკიცებს, რომ „TV პირველს” არ უყურებს და 3 თვის შემდეგ გაიგო, რომ ეს სიუჟეტი ეთერში იყო, არადა, ძალიან რეზონანსული რეპორტაჟი იყო სოციალურ ქსელშიც და ეთერში ყურებადობის თვალსაზრისითაც… ანონსიც გადიოდა, ჩვენ მასთან მისულებიც ვიყავით, ირაკლი კობახიძის ჩაწერის მცდელობაც ჩანს ძალიან კარგად.

არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომ როცა სიუჟეტი გავიდა ეთერში, მას შეეძლო მიემართა ტელეკომპანიისთვის, შიდა რეგულირების მექანიზმისთვის, რათა გავრცელებულიყო მისი კომენტარი. ეს არ გაუკეთებია, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, აი, ერთიანი სარჩელები რომ წამოვიდა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ, ერთ-ერთი ასევე იყო ამ ქალბატონის სარჩელი, რამდენიმე თვით ადრე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით”, – ამბობს მელაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 20 სექტემბერს გახდება.


შენიშვნა: თავდაპირველად ტექსტში კომპენსაციის თანხად შეცდომით იყო აღნიშნული 55 000 ლარი. იურისტის განმარტების შემდეგ, ინფორმაცია ჩასწორდა.