კობახიძის დედამ TV პირველს დავა სააპელაციოშიც მოუგო

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილისა და „ტელეკომპანია პირველის“ საქმეზე.

საქალაქო სასამართლომ არხს არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაუდგინა და 5 555 ლარის, ხოლო ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის გადახდა და სიუჟეტში ცნობების უარყოფა დააკისრა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ შეზღუდა მედიის გამოხატვის თავისუფლება და მაუწყებლის ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იკვეთებოდეს სავარაუდო უკანონობა. რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, მათ შორის არის სარჩელის დაგვიანებით შეტანა, ხანდაზმულობის ინსტიტუტის უგულებელყოფა როგორც მოსარჩელის, ასევე სასამართლოს მხრიდან და როგორც ჩანს, აბსურდული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ტვ პირველს უნდა ემტკიცებინა, მოსარჩელე თამარ ზაალიშვილმა როდის ნახა სიუჟეტი, ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რაც არის სრულად ალოგიკური“, – ამბობს არხის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

არხი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს.

თამარ ზაალიშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ აღსრულდა სამართალი და მისი მხრიდან ვადის გადაცილება არ ყოფილა.

ჟურნალისტებმა აღნიშნულის შესახებ ჰკითხეს პრემიერ კობახიძესაც.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილება ხომ არ არის მედიის გაჩუმების მცდელობა, კობახიძე ამბობს, რომ ეს სიცრუის გაჩუმების მცდელობაა.

„თქვენ რომ არ დაგებრალებინათ სრული სიცრუე, არ მოგიწევდათ სასამართლოში სიარული“, – მიმართა მან TV პირველის ჟურნალისტს.

სარჩელი შეეხებოდა „შაბათის ეთერში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მიერ, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომების გაცემას შეეხებოდა. სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი კობახიძის დედას ყალბი დოკუმენტაციების ხელმოწერაში ადანაშაულებდა. თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო.