კობახიძის დედამ „TV პირველს" სასამართლო დავა მოუგო

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა „TV პირველის” წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას ტელევიზიის ადვოკატი ქეთი ზანდუკელი აცხადებს, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით „TV პირველს” 5 555 ლარის გადახდა დააკისრა, ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს კი – 5-5 ლარის. ამასთანავე დაევალათ სიუჟეტში გასული ცნობების უარყოფა.

როგორც ზანდუკელი ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გასაჩივრებენ.


ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. მისი შეფასებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

ზაალიშვილი აცხადებდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას გადაცემის ავტორი ნოდარ მელაძე ამბობდა, სარჩელით კობახიძის დედა დავობს იმას, რომ თითქოსდა მას ჟურნალისტმა არ მისცა სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

მელაძის თქმით, სიუჟეტშიც ნაჩვენებია და სასამართლოშიც წარდგენილი აქვთ „შავი მასალა”, რომელზეც ჩანს, რომ ჟურნალისტი მიდის ზაალიშვილის სახლთან და დომოფონით აქვს კომუნიკაცია [ადამიანთან].

„რეპორტაჟში ჩანს კარგად ჩვენი ჟურნალისტის მცდელობა, რომელიც სახლში მიდის და დომოფონიდან ეუბნება ადამიანს, თუ რა თემაზე სურს მისი ჩაწერა. ძალიან ცხადად ჩანს ეს. ამის მიუხედავად, ეს ქალბატონი ამტკიცებს, რომ ტელევიზიას არ ჰქონია ასეთი მცდელობა. არადა, ჩვენ ვიდეოკადრებიც წარვუდგინეთ სასამართლოს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო”, – ამბობს მელაძე.

ამას გარდა, გადაცემის ავტორი ამბობს იმასაც, რომ ზაალიშვილს სარჩელი კანონით დადგენილი ვადების დარღვევით აქვს წარდგენილი სასამართლოში. მელაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედის სარჩელს „TV პირველის” წინააღმდეგ მიმართული სისტემური კამპანიის ნაწილად აღიქვამს.

„ზაალიშვილი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ „TV პირველს” არ უყურებს და 3 თვის შემდეგ გაიგო, რომ ეს სიუჟეტი ეთერში იყო, არადა, ძალიან რეზონანსული რეპორტაჟი იყო სოციალურ ქსელშიც და ეთერში ყურებადობის თვალსაზრისითაც… ანონსიც გადიოდა, ჩვენ მასთან მისულებიც ვიყავით, ირაკლი კობახიძის ჩაწერის მცდელობაც ჩანს ძალიან კარგად.

არის კიდევ ერთი ნიუანსი – როცა სიუჟეტი გავიდა ეთერში, მას შეეძლო მიემართა ტელეკომპანიისთვის, შიდა რეგულირების მექანიზმისთვის, რათა გავრცელებულიყო მისი კომენტარი. ეს არ გაუკეთებია, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, აი, ერთიანი სარჩელები რომ წამოვიდა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ, ერთ-ერთი ასევე იყო ამ ქალბატონის სარჩელი, რამდენიმე თვით ადრე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით”, – ამბობს მელაძე.