კობახიძის გამონათქვამები დეპუტატის ეთიკის კოდექსის ფარგლებში შეისწავლეთ - მედიაკოალიცია

პუბლიკა

მედიაკოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს.

როგორც ორგანიზაცია განცხადებაში წერს, ის გმობს ირაკლი კობახიძის თავდასხმას ჟურნალისტზე და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.

„გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი” საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არიან არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირების პატივი და ღირსება.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ, 25 ივლისს,ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამდნენ. მან „მთავარი არხის“ შეკითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზებით მიმართა.

„ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა რა, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს, პირი მოიწმინდე… შენ ბელადს საემსგავსე ყველაფრით, სირცხვილია. სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე არ ხარ შენ ქალი”, – უთხრა მან ჟურნალისტს.