კობახიძის განცხადება გუშინდელი ძალადობის წახალისებაა - ვაშაძე

პუბლიკა

„თქვენ წაახალისებთ ძალადობას. ის, რაც კობახიძემ გააკეთა, ხომ იმ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე იყო გუშინ“, – პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილია ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ALDE-ს კონგრესმა ქართული ოპოზიციური პარტიების ინიციირებული რეზოლუცია მიიღო და კომისიას მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ, ასევე EPP-ს მხარდაჭერა საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

„რა უნდა ექნა კობახიძეს, რაღაცა უნდა მოეფიქრებინა, რაღაცა თემა უნდა შემოეგდო. და რა დაიწყო? ბინძური, ფსევდოპატრიოტიზმი. ეს არ არის საქართველოს იდენტობა, ეს არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები და იდენტობა არის ევროპა“, – თქვა ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს და წაახალისებს ძალადობას. ვაშაძის თქმით, მმართველი პარტია ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას ახდენს და ასეთი ჯგუფის წევრი, ფალავანდიშვილი, რომელიც გუშინ ევროკავშირის საელჩოსთან პროტესტის ნიშნად მივიდა, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებს.

„რას აკეთებთ თქვენ? – თავს ესხმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავს ესხმით ყველა გულშემატკივარს, წაახალისებთ ძალადობას. ეს რაც კობახიძემ გააკეთა, ხომ იმ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე იყო გუშინ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ როცა გამოგელიათ ყველა არგუმენტი ხელიდან, ადექით და ისევ გაააქტიურეთ ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ამ ქვეყანაში არის. ვინმეს ჰგონია, რომ ფალავანდიშვილი თავისი ინტერესით და ინიციირებით მივიდა ევროკავშირის საელჩოსთან? ფალავანდიშვილი იქ მივიდა „ქართული ოცნების“ დავალებით. დიახ, თქვენი დავალებით მოქმედებენ ისინი, რომ ყველა არგუმენტი გააკეთოთ საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ; ყველა არგუმენტი შექმნათ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს თქვენ არ გამოგივათ, ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ, თქვენ საქართველოს ისტორიას მართლა ვერ გააყალბებთ“, – თქვა მან.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რა დროსაც მან ისაუბრა ლევან და დავით ბერძენიშვილებზე, რომლებიც, მისი თქმით, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ეს კამპანია გაგრძელებაა იმისა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. კობახიძის განცხადებას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.