კობახიძის განკარგულებით, ტყის სტატუსი შეუწყდა აღაიანისა და ბორჯომის ტყეების ნაწილს და იყიდება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის განკარგულებებით, აუქციონის გზით გაყიდვის მიზნით სახელმწიფო ტყის სტატუსი უწყდება ტყეებს კასპის სოფელ აღაიანსა და ბორჯომში,პლატოს“ ტერიტორიის ნაწილს.

შედეგად, ჯამში 70 668 კვ.მ. ტერიტორიას უწყდება სახელმწიფო ტყის სტატუსი.

აღაიანის ტყის საწყისი საპრივატიზაციო თანხაა 643 ათასი ლარი, ხოლო ბორჯომის ტყის – 3 940 000 ლარი.

განკარგულების თანახმად, ბორჯომში მყიდველმა თანხა 45 დღეში უნდა გადაიხადოს.

ამავე დროს, ბორჯომში „უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 000 ლარი ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე”.

განკარგულებაში წერია, რომ ადგილზე უნდა განთავსდეს გამაჯანსაღებელი-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ღია/დახურული აუზების მშენებლობას, ჩოგბურთის და პადელის მოედნებს, არანაკლებ 30 მანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, გარე განათებას და ა.შ.

განკარგულებითვე, უნდა მოხდეს უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა.

მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

რაც შეეხება აღაიანს – კობახიძის განკარგულებით, ინვესტორმა უნდა განავითაროს საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება, აშენდეს არანაკლებ 8 (რვა) ნომრის მქონე სასტუმრო. პირობები ასევე მოიცავს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებასა და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას).

განკარგულებით, უნდა განხორციელდეს არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია.

ინვესტორს აქაც ევალება არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა.