საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტს გამოეხმაურა. ლექციის ჩასატარებლად მისულ კობახიძეს 10 ივნისს უნივერსიტეტში ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს.
დავით მათიკაშვილმა ახალგაზრდები, რომლებმაც კობახიძეს რუსული ფული დაუყარეს, გააკრიტიკა. მისი თქმით, კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელია, მისი შრომები, განსაკუთრებით, მოქმედი კონსტიტუცია, სანიმუშო მაგალითებად დარჩება, მის მოწინააღმდეგეთა იდეოლოგია კი „შარშანდელი თოვლივით გაქრება“.
„ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო ნაშრომი – საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად.
ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას ფრანკლინის კლუბის ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა კობახიძის წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები „მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეულებად“ მოიხსენია და თქვა, რომ მათ იარაღად იყენებენ „სააკაშვილის მეხოტბეები“.
„სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორედ კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა.
დაშვება არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზებას“, – თქვა დავით მათიკაშვილმა.