კობახიძის სიძე „ტვ პირველის" წინააღმდეგ | მელაძის თქმით, დღეს უკვე მეორე სააღსრულებლო დოკუმენტი ჩაბარდა

პუბლიკა

პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია „ტვ პირველის” წინააღმდეგ – ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, დღეს, 26 ივლისს უკვე მეორე სააღსრულებლო დოკუმენტი ჩაბარდა.

საქმე ეხება 2022 წლის 17 იანვარს „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოებისას. სწორედ ამ სიუჟეტის გამო უჩივლა ფაცაციამ „ტვ პირველს”.

მოსამართლემ ტელეკომპანიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, დაკისრებული თანხის გადასახდელად შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაა განსაზღვრული. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ ტელეკომპანიის ქონება დაყადაღდება და ერთ თვეში იძულებითი აუქციონი ჩარტარდება.

„ეს არის მეორე ფურცელი, რომელიც ახლა გადმომიგზავნა არხის იურისტმა, ეს არის ირაკლი კობახიძის სიძე დავით ფაცაცია, რომელიც უჩიოდა ტვ პირველს ახალი ამბების გამოშვებაში გასული რეპორტაჟის გამო – ეს არის 24 რიცხვით დათარიღებული, უბრალოდ ახლა ჩაგვბარდა. ერთად შეიტანეს კალაძემ და ფაცაციამ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ რომელიმე დოკუმენტი გზაშია.

თანხა არის ერთი და იგივე, მოსამართლე 15 ათას ლარს აკისრებს ყველა საქმესთან დაკავშირებით. ასეა, მურუსიძე-ჩინჩალაძის, აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მოქცეულმა სასამართლომ მიიღო, ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ტელეკომპანია „პირველის” წინააღმდეგ […]

დაყადაღდება საბანკო ანგარიშები, აღიწერება, დაყადაღდება, შეფასდება საკუთრებაში არსებული ქონება, ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშორმლები უნდა შემოვიდნენ ტელევიზიაში, აღწერონ ტელევიზიის ქონება, ჯამში დაადგინონ მისი საბაზრო ღირებულება და საბაზრო ღირებულებაზე უფრო ნაკლებად გაიტანონ აუქციონზე”, – ამბობს მელაძე.

გარდა ამისა, დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც „ტვ პირველს” გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

აღსრულების მოთხოვნის საფუძველი „მაია მამულაშვილის ქეისზე” სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებაა – 2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „ტვ პირველისა” და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების” მაშინდელი წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა.

მაშინ თბილისის მერის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.


რაც შეეხება ირაკლი კობახიძის სიძის სარჩელს, 2023 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის თავმჯდომარის სიძისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ. მოსამართლემ ტელეკომპანიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

დავით ფაცაცია სადავოდ ხდიდა 2022 წლის 17 იანვარს „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოებისას.

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობდა, რომ რეპორტაჟი დაეყრდნო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას, ჟურნალისტი მისული იყო აფხაზეთის მთავრობაში გასარკვევად და პასუხების მისაღებად, ვისი ბრალეულობით მოხდა ანგარიშში ასახული დარღვევები, თუმცა არავინ უპასუხა.

დავით ფაცაცია, თავდაპირველად კომპენსაციის სახით მოპასუხე მედიისგან 1 ლარს მოითხოვდა, შემდეგ კი მოთხოვნა 30 000 ლარამდე გაზარდა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.