საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს მხარი მისი სქესის და წარმომავლობის გამო დაუჭირეს.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მანდატი არ არის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება და ის არის სახელმწიფოს სიმბოლური წარმომადგენელი.
„იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ უკვე ჩვენი პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები – მთავრობა, პარლამენტი – ჩვენ წარმოვადგენთ საპარლამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს როგორც ასეთს, მაგრამ უმრავლესობას, ჩვენს ხელშია გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ წარმოვადგენთ 80 წევრს და ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი, ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს ამომრჩევლები.
სხვათაშორის, 2018 წელს როდესაც ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კონკრეტული კრიტეტიუმების გათვალისწინებით გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და კრიტერიუმი რა იყო: ჩვენ რომ გვქონოდა რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის პოზიციაზე. ეს არის პრემიერის პრეროგატივა. მას მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი – ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი დიდი წინაპრების, რომ მას ჰქონდა ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება და ა.შ. ანუ ქალბატონი, ჩვენი ისტორიული ტრადიცია და ა.შ. პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში გაწერილი მანდატის გათვალისწინებით და დღეს პრეზიდენტი ცდილობს, გასცდეს ამ მანდატს.
მთავარი ხომ არ არის, ჩემი აღქმა როგორია ამ მანდატის, მთავარია, კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს. შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რასაც ცდილობს პრეზიდენტი დღეს, რაში ჩაჭრასაც ცდილობს, არამედ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი, რა თქმა უნდა მხოლოდ სიმბოლური არ არის მისი კომპეტენციები, მაგრამ მისი მანდატი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის რეპლიკა მოჰყვა. მან კობახიძის გამოსვლას დემაგოგია უწოდა.
„იმედია, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე, ჩვენ არ ვდემაგოგობთ. აი ეს საქმესთან დაკავშირებული, არადაკავშირებული, ლექცია, სატელევიზიო მესიჯები და ა.შ. ასე… “, – თქვა ჩუგოშვილმა.
„ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილს – „ეს არის შეურაცხმყოფელი და არ შეიძლება, პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება, მაგრამ არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ, სირცხვილია, ღირსების ამბავია ეს ყველაფერი“, – თქვა კობახიძემ.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, კობახიძე სასამართლოს ასმენინებს იმ საკითხებს, რომელიც აცდენილია წარდგინების თემას.
„ღირსების ამბავია ნამდვილად თქვენი საქციელი“, – მიმართა ჩუგოშვილმა კობახიძეს.
ამის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომა პრეზიდენტის წარმომადგენლების გამოსვლით განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მეორე დღეა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ წარდგინებას განიხილავს.
სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს YouTube არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.