კობახიძის თქმით, 2026 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს ახალი მოდელის შესაბამისად მიიღებენ

პუბლიკა

დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა ორ ფაზად განხორციელდება. სამუშაოების ნაწილი სექტემბრამდე დასრულდება, ნაწილს კი 4-5-წლიანი პერიოდი დასჭირდება.

მისი თქმით, სექტემბრამდე საკანონმდებლო ცვლილებებსა და შრომის ბაზრის კვლევასთან ერთად უნდა მოესწროს უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების ახალი მოდელის დანერგვა. ამოქმედდება დაფინანსების ახალი მოდელიც.

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილი, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში.

შემოთავაზებულ იდეას საზოგადოება „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ სახელით იცნობს.

17 ოქტომბერს, რეფორმის პრეზენტაციისას, კობახიძემ თქვა, რომ თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს „უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.“

 „რაც შეეხება რეფორმის გატარების ვადებს. გამოვყოფდი ორ ფაზას. პირველი, რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე – უნდა მოესწროს კანონმდებლობის გადახედვა; შრომის ბაზრის ანალიზი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს საამისოდ პირობები; უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა, დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით.

მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხება მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში.

მეორე ფაზა ეს არის 4-5 წელიწადი. გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში.

ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში, შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში.

3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა – ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება.

აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია, ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა – მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს, დაახლოებით, 4-5-წლიან პერიოდს.“ – განაცხადა კობახიძემ.