კობახიძის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის გამო დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის გამო დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ამ დროისთვის შსს-მ უკვე 46 პირი დააკავა, მათგან 5-ს ორგანიზატორობას ედავებიან.

„სავარაუდოდ, გაიზრდება [დაკავებულთა რაოდენობა] გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებდით. ყველას ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე.

აქედან გამომდინარრე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული მიეცემა პასუხისგებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, უნდა ველოდოთ თუ არა 4 ოქტომბრის აქციის გამო დაკავებულთა რაოდენობის ზრდას.

ასევე, კობახიძის მტკიცებით, 4 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, 5-7 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი და იმ დღის მოვლენებზე ყველას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა.

„ყველამ იცის რაც იყო, გამოცხადებული იყო დამხობის აქცია და დაახლოებით, ხუთი, შვიდი ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული“, – განაცხადა კობახიძემ.