გუშინ „ქართულმა ოცნებამ” დააანონსა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომზე საჯარო სამართლებრივი პროცესის წარმოებას აპირებს, სადაც მოსარჩელე მხარე თავად იქნება. ირაკლი კობახიძემ დღეს ისაუბრა, რომ გამოძიებისთვის, შეიძლება, „ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული”.
„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ” ვრცელი განცხადება გაავრცელა და კვლავ „ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს”, რაც მათი მტკიცებით არჩევნების შემდეგ „აუცილებლად ასე მოხდება”.
„ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება”, – განაცხადეს პარტიაში.
7 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა.
თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.
ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა.