კობახიძის თქმით, აქციებზე 2007 და 2009 წლებში ნაყიდი ნივთიერება გამოიყენებოდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნივთიერება, რომელიც 2024 წელს აქციების დროს გამოიყენეს, 2007 და 2009 წლებშია შეძენილი. კობახიძემ დღესაც გაიმეორა, რომ გამოიყენეს „კონკრეტული ნივთიერება“, მაგრამ არ დაუსახელებია ის. მისი განცხადებით, ამას გამოძიება დაადგენს.

„სასკანდალო აქ არაფერი არ არის. 2009 წელს იქნა შეძენილი გარკვეული ნივთიერება, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა როგორც 2009-ში, 2007-დან სხვათა შორის, 2007 წელს, 2008, 2009 წელს ათში, და ასე შემდეგ. ჯერ შვიდში და მერე ცხრაში, ორი სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა.
[ჟურნალისტი: ანუ იცით, რა ნივთიერება იყო გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ?] ამას გამოძიება შეისწავლის, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. 2007, 2008, 2009, 2010, მერე 2019-2020-ში და ასე შემდეგ, გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში. სასკანდალო აღარაფერი აღარ დარჩა. რა თქმა უნდა, გამოძიება კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს, მაგრამ თქვენთვის სასკანდალო არაფერი არ არის, მით უმეტეს, რომ ეს ნივთიერება შეძენილ იქნა თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან“, – ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება კითხვას, მაშინდელი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობაზე. კობახიძე ამბობს, რომ ის ქიმიკოსი არაა, რომ 2007 და 2009 წლებში ნაყიდი ნივთიერება გადაემოწმებინა. 5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ BBC-ის მასალასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსმა გომელაური გამოკითხა.

„ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილ იქნა 2009 და 2007 წლებში. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება და ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წლებში შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა“, – ამბობს კობახიძე.


BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.

BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს. სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება. BBC კი აცხადებს, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.

სუსმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. „ოცნების“ შს მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია „კამიტი“.