კობახიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით მაინც მიმართავენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ პარტიებს გარკვეული რაოდენობის მანდატების მოპოვების შემთხვევაშიც ემუქრებიან თუ არა გაუქმებით, კობახიძე პასუხობს:

„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ,.ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ, ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ასევე უარყოფითად პასუხობს შეკითხვას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ცვლის თუ არა რამეს ამ მიმართულებით,  – „არა, არაფერს ცვლის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ისინიც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის შემადგენელი ნაწილი“, – განმარტავს ირაკლი კობახიძე.


2025 წლის 13 მაისს „ოცნების“ პარლამენტმა დაამტკიცა პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტი. დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში“ თქვა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ფაქტები თეა წულუკიანის კომისიაში იკრიბება.