ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან, დღის ბოლოს გამართული, შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრა დღეს არ გაიმართება და დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ.
„გვქონდა პროდუქტიული დისკუსია. განვიხილეთ ყველა ის საკითხი რომელიც უკავშირდება დიალოგს. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი ახლა მოვერიდებით დეტალებზე საუბარს. ხაზს გავუსვამ რომ ამ პირობას პერმანენტულად არღვევენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საუბრობენ დეტალებზე. მოლაპარაკებები გაგრძელდება პრემიერ – მინისტრის ვიზიტის შემდეგ. დღეს შეხვედრა აღარ იქნება.“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბრიუსელში პრემიერი მსხვილი პაკეტით მიდის, რადგან ევროკავშირთან დაახლოების ნაწილში გასულ წლებში ბევრი რამ გააკეთა “ოცნების” ხელისუფლებამ.
“ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების ნაწილში. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში. ცარიელი ხელებით დარჩენილია ოპოზიცია. დარჩენილები არიან ქუჩაში, გაკოტრებულები. მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს დაკავშირებულია იმასთან რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირთან მიმართებით.“ – განაცხადა კობახიძემ.