კობახიძის თქმით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

მისი თქმით, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე საბოლოო ჯამში ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან და იქ გაიმართება დისკუსია, გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს. ის, ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული და  ქართულ რეალობას ითვალისწინებს, – ამბობენ ინიციატივის ავტორები.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამ მოდელის შემოღებას კონსტიტუციაში ცვლილებები სჭირდება, რადგან ის მას არ შეესაბამება.

ოთხმა NGO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. იმავეს ამბობენ საქართველოში ცნობილი კონსტიტუციონალისტებიც.