კობახიძის თქმით, ექნებათ „უსამართლო დამოკიდებულების“ მქონე ქვეყნების სია

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ექნებათ იმ ქვეყნების სია, რომლებსაც „უსამართლო დამოკიდებულება აქვთ“ საქართველოს მიმართ. ამ თემაზე მან აზერბაიჯანულ Real TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა და გაიმეორა „ოცნების“ მტკიცება, რომ „გავლენიანი ძალებს“ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდოდათ.

კობახიძის მტკიცებით, „ოცნებამ“ ეს ნაბიჯი არ გადადგა და „ამ ძალებს“ ახალა სურვილი აქვთ, ამისთვის დასაჯონ საქართველოს ხელისუფლება.

„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ პრესცენტრის ცნობით.

„არამეგობრული“ ქვეყნების სია აქტუალურია რუსეთში, რომელსაც ამ სიაში შეყვანილი ჰყავს აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ბრიტანეთი, იაპონია და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები. საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არ არის შეყვანილი.

„არამეგობრული“ ქვეყნების სია აქვს ბელარუსსაც. ამ სიაშიც ხდვებიან ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები და დემოკრატული სახელმწიფოები.