კობახიძის თქმით, ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას, – ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა და „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას [დახმარებას] ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”.

„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი – ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი კომენტარის წერილობით ვერსიას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.