„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მისამართით კვლავ ახსენებს „კოკაინს“ და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მასთან მიმართებით სრული სიმართლე თქვა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გახარიას სავარაუდო ნარკოდამოკიდებულება შეუმჩნევიათ თუ არა, როცა ის გუნდის წევრი იყო, კობახიძე პასუხობს, რომ ყოფილ პრემიერს დამოკიდებულება გუნდის დატოვების შემდეგ გაუჩნდა, რადგან დაუკავშირდა „კონკრეტულ პარტიას“.
„არ თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი“ და ა.შ.
როდესაც ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად კოკაინთან, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. „ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. მათ შორის, [სუსტი ნებისყოფა] ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს გიორგი გახარიამ ნარკოლოგიური შემოწმების კამპანიას დაგეგმილი სპეცოპერაცია უწოდა. მისი თქმით, ამ დაგეგმილი „პროვოკაციის“ პარალელურად უნდა ემუშავათ მისი უახლოესი გარემოცვის წევრებზე, ზეწოლით, მოსყიდვითა და სხვადასხვა გზით.