„ქართული ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ სანქცირებულ პირებს, ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
კობახიძის თქმით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნებიან:
ვახტანგ გომელაური;
შალვა ბედოიძე;
ალექსანდრე დარახველიძე;
გიორგი ბუთხუხი;
იოსებ ჭელიძე;
თემურ კუპატაძე;
ვაჟა სირაძე;
სულხან თამაზიშვილი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
მილერი ლაგაზაური;
მირზა კეზევაძე.
ირაკლი კობახიძემ სანქცირებული ვახტანგ გომელაური დღეს, 20 დეკემბერს ვიცე-პრემიერადაც დანიშნა.
აშშ-მა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ასევე ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში.
მაგნიტსკის სია (Magnitsky List) არის სია, რომელიც შეიცავს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე ან სხვა მძიმე დანაშაულებზე.
მაგნიტსკის სიები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმებისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.
დაწესებული სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით.
გარდა აშშ-ისა, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური.