კობახიძის თქმით, მიხაილ როთის გამო ბუნდესტაგის წევრებთან მისი შეხვედრა „მიზანშეწონილი არაა"

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბუნდესტაგის წევრებთან მისი შეხვედრა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან გერმანიის პარლამენტის სხვა წევრი, მიხაილ როთი რამდენიმე თვის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდა.

კობახიძემ როთს ბრალი დასდო „რევოლუციურ მცდელობაში”.

მიხაილ როთი არ არის იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც დღეს საქართველოშია. 

როგორც თავად თქვა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა, რომლებიც დღეს საქართველოში არიან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრებს მართავენ, „შეხვედრა მასაც სთხოვეს”.

„მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან. […]ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი. თუმცა, რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ბუნდესტაგის დელეგაციას პარლამენტში არც თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა.

მიზეზად მისი იმერეთში ყოფნა დასახელდა – პაპუაშვილი, კობახიძე, კახა კალაძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები ქუთაისში იყვნენ, სადაც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულების პირველ ნაკადს დიპლომები გადაეცათ.

„ქართული ოცნებიდან” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.