კობახიძის თქმით, „ოცნების“ არცერთ კანდიდატს „ენმ-ის სასარგებლოდ თეთრიც არ გადაურიცხავს“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებზე განაცხადა, რომ „არცერთ ამ ადამიანს არ გადაურიცხავს არცერთი თეთრი ნაცმოძრაობის სასარგებლოდ“.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ახლანდელი მაჟორიტარობის კანდიდატები იმიტომ ფიქსირდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველთა სიაში, რომ ასეთი სისტემა იყო და მათ ფურცელზე ხელის მოწერას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოები აიძულებდნენ.

„მათ თანხა არ გადაურიცხავთ. ერთია, რომ ფურცელზე მოაწერინეს ხელი – ეს იყო მაშინდელი რეჟიმის სქემა და მეორე – თუ არ გადარიცხავდნენ, თქვენ იცით როგორი რეაგირებაც იყო. მერე გადადიოდნენ უკვე პირდაპირი ფორმით რეკეტზე, თუ ფურცელზე ხელს არ მოაწერდი, გიბარებდნენ მოდულში, ტანსაცმელს გხდიდნენ. ზოგს პირდაპირ აწამებდნენ და ა.შ. ასეთი იყო მაშინდელი სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს ჟურნალისტმა კითხვა იმ კანდიდატებზეც დაუსვა, რომლებიც წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ, დღეს კი „ქართულ ოცნების“ სიაში მოხვდნენ. კობახიძე აცხადებს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეური მხარდამჭერები არ იყვნენ.

„ანზორ ბოქლქვაძე თუ რომელიმე სხვა დეპუტატი, რომლებიც არჩევნებში თავის დროზე მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით, იმ რეჟიმის იდეური მხარდამჭრები და წარმომადგენლები არ იყვნენ. ზოგ შემთხვევაში დავალებასავით გასცემდა ხოლმე მაშინდელი რეჟიმი არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც ხედავდნენ, რომ კონკრეტულ პირს ჰქონდა რესურსი შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ამ შემთხვევაში ხანდახან პირდაპირ ზეწოლის ქვეშაც კი უწევდათ ხოლმე კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნების“ 30-კაციანი მაჟორიტარული სიიდან 5  მათგანი 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სწირავდა თანხას, 2 კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.