პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლების თაობაზე ახალი იდეა გაჟღერდა.
„დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება გუნდში კონსულტაციების გავლა. საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე. ეს არის ზოგადი არსი ამ ინიციატივის. ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება, სადაც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი განიხილება.
„საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განიხილება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი. ჩვენს გუნდთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობის საკითხს და ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება”, – განაცხადა კობახიძემ.