კობახიძის თქმით, რამდენიმე დეპუტატმა კანონპროექტს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ „მძიმე წნეხში“ იყვნენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ იმ რამდენიმე დეპუტატის გადაწყვეტილება მხარი არ დაეჭირათ კანონპროექტისთვის განპირობებული იყო „მძიმე წნეხით“, „ფაშისტური კამპანიით, რომელიც წარმოებული იყო დეპუტატების მიმართ.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ცალკეული დეპუტატები „განსხვავებული მოსაზრებების გამო“ აპირებენ „ოცნების“ და უმრავლესობის დატოვებას, კობახიძე პასუხობს, რომ თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, „ეს იქნება  გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა“, გუნდის ფარგლებში გადაადგილებაზე კი საზოგადოებას მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას.

„რაც შეეხება ხმის არ მიცემას, რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგამ, ჩვენმა მეგობრებმა მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ, ბევრი დეპუტატი იყო, რომლემაც ბოლო მომენტში გუნდურობიდან გამომდინარე მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იმდენად მძიმე იყო წნეხი არა მარტო მათზე პირადად, საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რაღაცნაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან  ბავშვს, შვილს არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება“,- განაცხადა კობახიძემ.

7 მარტს გამართულ სესიაზე კანონპროექტს ხმა არ მისცა დეპუტატებმა დავით სერგეენკომ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი ხელაშვილმა.

_______________________________________________________________

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.