„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“.
მისი თქმით, „საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად„.
„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა მეტადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ.
გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად.
ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე და თქვა, რომ „ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება“.
„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაში. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 21 ფილიალი, მათ შორის 2 პენიტენციურ დაწესებულებებში.
ქვეყანაში ასევე მოქმედებს სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპია [მოიხსენიებენ ასევე ბუპრენორფინის პროგრამადაც. სუბოქსონი – ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინირებული პრეპარატია], რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებში.
სუბოქსონის სახელმწიფო პროგრამით ამ დროისთვის სარგებლობს 377 ბენეფიციარი; კერძო სამკურნალო დაწესებულებებში პაციენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კი ცნობილი არაა.