პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება.
„რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, ეს არის რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, – თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ჰგონია, რომ ბოლოს ოპოზიციიდან ყველა შევა პარლამენტში.
ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი 16 ნოემბერს მოაწერა. ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.