კობახიძისა და ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით,  კობახიძემ და ფაშინიანმა „სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს“.

ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე კობახიძემ ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მზარდ თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები.

ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება.

მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის ნიკოლ ფაშინიანმა კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მომავალშიც უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სომხეთში საქართველოდან შემოდის მატარებლები და იმედი გვაქვს, სარკინიგზო მიმოსვლის შედეგად, ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის.

მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში. ჩვენ მომავალშიც უპირობოდ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობა ძალიან კარგი და პოზიტიურია. ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი ფასეულობა“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 3 მარტს ჩამოვიდა.