საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე ამბობს, რომ მის ორგანიზაციაში არანაირი ფინანსური დარღვევა არ არსებობს.
მისი თქმით, ეს არის იმ „ბინძური კამპანიის გაგრძელება და ერთგვარი დაგვირგვინება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს მათ მიმართ“.
კობალაძის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორშაბათს გამოკითხვაზე დაიბარა. დღევანდელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კი ასოციაციიდან კომპიუტერული ტექნიკა და ყველა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს.
„ყველაფრისთვის მზად ვართ. როგორც ფსიქოლოგიურად ასევე მორალურად, არ ვიცი, მკითხაობას ვერ დავიწყებ , თუმცა არ ვაპირებთ დანებებას, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ქართული კულტურა, არ შეიძლება საქართველოში ხდებოდეს ის, რაც ახლა ხდება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს და ასე აღარ იყოს…
არანაირი ფინანსური დარღვევა ჩვენს ორგანიზაციაში არ არსებობს. ეს აუდიტის დასკვნითაც არის დადგენილი, მას არ დაუდგენია არანაირი ფინანსური დარღვევა.
ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი ბინძური კამპანია პირადად ჩემს მიმართ, ჩვენი ორგანიზაციის მიმართ… გამოკითხვაზე დამიბარეს ორშაბათს, გავცემ მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეცდებით ბოლომდე, რომ არ დავუთმოთ და არ გადავაბაროთ ასე უმტკივნეულოდ ეს რუსეთს,” – ამბობს გიგა კობალაძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.