ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ საუბარი მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენებაზე „არასერიოზულია”. ასე პასუხობს ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „დინამო არენას” სტადიონის დირექტორმა ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით სარგებლობის შემთხვევაში მეტი გულშემატკივრის მასპინძლობა შესთავაზა.
„როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.
ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება უეფას ეგიდით და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უეფას უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციისგან, ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, რომ ეს პრობლემაა, მხოლოდ ის, რომ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია”, – აცხადებს კობიაშვილი.
ის ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციისგან მიიღეს წერილი, სადაც ადასტურებენ ამ პრობლემების არსებობის შესახებ.
„სტადიონის ადმინისტრაციისგან მოვიდა ჩვენთან წერილი და ასევე, სიტყვიერად გვქონდა საუბარი. თუმცა არსებობს წერილი, სადაც ისინი საუბრობენ ამ პრობლემაზე – შესაბამისად, თუ რაიმე სხვა წერილი მისცეს და სავარაუდოდ, სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის, ჩვენთვის ეს უცნობია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არსებობს წერილი, რომელიც გამოგვიგზავნა ადმინისტრაციამ, სადაც საუბრობენ იმ პრობლემაზე, რაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა მან „რუსთავი 2-თან”.
Geo Team ავრცელებს „დინამო არენას” სტადიონის დირექტორი, თემურ პირტახია წერილს, სადაც ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს მიმართავს და მეორე იარუსით სარგებლობის შემთხვევაში 41 000 გულშემატკივრის მასპინძლობას სთავაზობს.
„დინამო არენა” შედგება 2 დამოუკიდებელი მდგომი შენობისგან, პირველი იარუსი იტევს 12,995 მაყურებელს, მეორე იარუსი – 40,897 მაყურებელს, ვიპ ბოქსები და ლაუნჯები 772 ადამიანზეა გათვლილი. ვინაიდან, დინამო არენას პირველი იარუსი ექსპერტის მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, გთავაზობთ ისარგებლოთ მხოლოდ მე-2 იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით, რომლითაც მიიღებთ ნაკრების თამაშზე 41,000 გულშემატკივარს”, – აღნიშნულია წერილში.
Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო არენას პირველი იარუსის ნაწილს ამორტიზების პრობლემა აქვს 2023 წლის ოქტომბრიდან – ამორტიზების პრობლემის მიზეზით სექტემბერში ნაკრების თამაში გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად მესხის სტადიონზე ჩატარდება.
უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.