არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) განცხადებას ავრცელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო რეპრესიული ხდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს და სანაცვლოდ, დროულად დაიწყოს მუშაობა სამართალდარღევავათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმაზე. ორგანიზაციის განცხადებას „პუბლიკა“ სრულად გთავაზობთ:
„26 აპრილს პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ. ინიცირებული პროექტით, ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება და კიდევ უფრო მკაცრდება სანქცია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის.
აღნიშნული ცვლილებები სრულად უგულებელყოფს წლების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციების და უფლებადამცველების მხრიდან მოთხოვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის საჭიროებას, ამის ნაცვლად კი კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის.
ინიცირებული პროექტი ამძიმებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის. ცვლილებით წვრილმანი ხულისგნობის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმა კი, 1000-დან 2000-მდე იზრდება. ხოლო ქმედების განმეორებითი ჩადენა 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობით 10 დღიდან 15 დღემდე ვადით ისჯება.
ამასთან, შემოთავაზებული ცვლილება მოსამართლეს უზღუდავს უფლებას, უარი თქვას პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე და ამის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით შემოიფარგლოს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მეორე მხრივ კი, ეფექტიანი, შემაკავებელი ზომების მიღებას სამართალდარღვევების თავიდან ასარიდებლად.
დაკავების ვადასთან დაკავშირებით შემოთავაზებული კანონპროქტი ფომალურად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რადგან ახალი რედაქციით დაკავების ხანგრძლივობა აღარ განასხვავდება იმის მიხედვით, პირის დაკავების ვადის ამოწურვა ემთხვევა სამუშაო თუ არასამუშაო დღეს.
თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ზოგადად 12 საათიან ვადამდე შემცირებულიყო იმ პირთა დაკავების ვადის ხანგრძლივობაც, რომელთა დაკავების ვადის ამოწურვაც ემთხვევა არასამუშაო დღეს, დაკავების ვადა ყველა შემთხვევისთვის გაიზარდა 48 საათამდე.
ეს მიდგომა, ცალსახად წარმოადგენს მოქალაქეების უფლებების გაუარესებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღემდე არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ქვეყანაში საბჭოთა პერიოდიდან მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული საკანონმდებლო აქტია, რომელიც ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს აშკარად ვერ პასუხობს. კოდექსი სათანადოდ ვერ იცავს მოქალაქეს სამართალდამცავის თვითნებობისგან და სამართალწარმოების პროცესში მოქალაქე არ არის დაცვის საკმარისი მექანიზმებით აღჭურვილი.
სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მტკიცების სტანდარტების დარღვევით, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღება. აღნისნული კი აბსოლუტურად გამორიცხავს და უგულებელყოფს დაცვის მხარის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
გასათვალიწინებელია, რომ პრაქტიკაში ეს მუხლები ყველაზე ხშირად შეკრებების და მანიფესტაციების დროს გამოიყენება – სამართალდამცავები, კონკრეტული საფრთხის ლოკალიზების თუ არიდების მიზნით, სწორედ აღნიშნული მუხლების დარღვევის საფუძველზე აკავებენ ხოლმე დემონსტრანტებს.
წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ითხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას ქვეყანაში. თუმცა, სახელმწიფო რეფორმაზე მუშაობის დაწყების ნაცვლად, ინტენსიურად იყენებს რეპრესიულ კანონმდებლობას მოქალაქეების წინააღმდეგ და კიდევ უფრო ამკაცრებს კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
გასათვალისწინებელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი ყველაზე პრობლემური მუხლი უკვე მეორედ მკაცრდება. პასუხისმგებელობა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელისადმი დაურმოჩილებლობისთვის, თავდაპირველად 2018 წლის ცვლილებებით გაიზარდა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თავისი არსით წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ქმედებას, ვიდრე სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. ამის მიუხედავად, შემოთავაზებული ცვლილება, მტკიცებულებითი სტანდარტის გაუმჯობესების გარეშე, ზრდის სანქციას განმეორებით სამართალდარღვევისთვის 4500 ლარამდე, რაც, მაგალითად სისხლისსამართლებრივი ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალურ ოდენობას (2000 ლარი) ორჯერ აღემატება.
ამავდროულად, 48 საათიანი დაკავების ზომის გამოყენება პირის თავისუფლების უფლებაში ინტენსიურ და არაპროპორციულ ჩარევად უნდა ჩაითვალოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ერთის მხრივ, პასუხისგებაში მიცემულ პირს აღჭურვავს უფრო დაბალი პროცესუალური სტანდარტებით და სახდელის დასაკისრებლადაც განსაზღვრავს დაბალ მტკიცებით სტანდარტს, ვიდრე ეს სისხლის სამართლის პროცესი ადგენს. ამავდროულად, კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მკაცრ რეპრესიულ მექანიზმებს, როგორიცაა 48 საათის განმავლობაში პირის ადმინისტრაციული დაკავება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაკავების ვადის გონივრულობას აფასებს დაკავების საფუძვლების მიხედვით. მაგალითად, მაშინ, როდესაც პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძლიანი ეჭვის არსებობის დროს შესაძლოა პირის შედარებით ხანგრძლივი დაკავება გამართლდეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების საჭიროებით, სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის მიზნით დაკავებული პირის გათავისუფლების ვადა არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს.
ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული დაკავების 48 საათიან ბლანკეტურ ვადას, განურჩევლად იმისა, თუ რა საფუძლით ხდება პირის დაკავება, რაც, ზრდის პირის თავისუფლების უფლების თვითნებური და მომეტებული შეზღუდვის რისკებს.
მაგალითად, შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, პირი შესაძლოა 48 საათით იქნეს დაკავებული მხოლოდ მისი იდენტიფიცირების ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საფუძვლებით პირის 48 საათით დაკავება აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომაა.
აღნიშნული ცვლილებები კიდევ ერთხელ გამოხატავს სახელმწიფოს უუნარობას და მის მიდგომებს სოციალური კრიზისების მართვის მიმართ. იმ პირობებში როცა, სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივ ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს რეპრესიულ და სადამსჯელო კანონმდებლობას.
აღნიშული ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქმის განხილვის კოდექსით დადგენილი პროცედურული ნაწილი არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს და შეიცავს უფლებებში არაპროპორციული, არათანაზომიერი ჩარევის საფრთხეს, კიდევ უფრო მეტად იზრდება საპოლიციო თვითნებობის და მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების უსაფუძვლოდ გამოყენების რისკები“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 21 აპრილს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში ცვლილებს ითვალისწინებს. ცვლილება ეხება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებს.